Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს პატიმრობა მიესაჯა კორუფციის ბრალდებით


საფარ ისაკოვი (მარცხნივ) და ჟანტორო სატიბალდიევი.
საფარ ისაკოვი (მარცხნივ) და ჟანტორო სატიბალდიევი.

ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა კორუფციის ბრალდებით.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ საფარ ისაკოვს 15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა. განაჩენის თანახმად, მას ჩამოერთვა დიპლომატიური რანგი და მეორე ხარისხის ორდენი „მანასი“. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჟანტორო სატიბალდიევს შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქონების კონფისკაციით.

გარდა ამისა, ამავე საქმესთან დაკავშირებით დააჯარიმეს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ოლგა ლავროვა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ოსმონბეკ არტიკბაევი. სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის მოხელეს.

სასამართლომ ყველანი დამნაშავედ ცნო ბიშკეკის თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. ყირგიზეთის ამ უდიდესი თბოელექტროსადგურის მოდერნიზაცია განხორციელდა ჩინეთიდან აღებული კრედიტით, რომლის საერთო ღირებულება 386 მილიონი ამერიკული დოლარია. გარიგება 2013 წელს იქნა მიღწეული. 2018 წლის იანვარში ელექტროსადგურში მოხდა ავარია, რის გამოც ბიშკეკი გათბობის გარეშე დარჩა ზამთრის ყინვებისას.

თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული კორუფციის საქმეზე ბრალი წაუყენეს ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევსაც. მისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ. ატამბაევი დანაშაულს უარყოფს და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG