Accessibility links

რას ჰყვება ლაშა ბექაურის მწვრთნელი ჩემპიონის დაკავებაზე


დღეს მსოფლიო ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური ჩინეთში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე უნდა გაემგზავროს, გუშინ კი ფეისბუკზე წერდა, რომ საღამოს,7 დეკემბერს,შელაპარაკების შემდეგ, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ. მე იმაზე ვნერვიულობდი, რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთ-ერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლო-მეთქი. მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი. მერე წამომსვეს, ბორკილებმა სისხლი გამიჩერა, შოკში ვიყავი. მეთქი, ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ, ყველა ერთნაირი... რა ვუწოდო, არ ვიცი“.- დაწერა ძიუდოისტმა

რამდენიმე საათში ეს განცხადება ფეისბუკგვერდიდან წაიშალა.

ბექაურს მედიასთან საუბარი არ სურს, მხოლოდ ის თქვა, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

რადიო თავისუფლება ძიუდოს მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს, ესაუბრა,რომელიც აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად ბექაური მძიმედ განიცდის მის ირგვლივ მომხდარ ამბავს. გუჯეჯიანი იყო ერთ-ერთი, რომელმაც ლაშა ბექაურს გოგოლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მიაკითხა.

„ემოციურად აღელვებული დამხვდა განყოფილებაში. იმ მომენტში ან ლაშას, ან პოლიციელების მხრიდან თავხედობა და უხეშობა არ მინახავს“, - ამბობს გუჯეჯიანი.

კითხვაზე, აღენიშნება თუ არა ბექაურს დაზიანებები, მწვრთნელი ამბობს, რომ იქ მისულს დაზიანებები არ დაუთვალიერებია.

„დანარჩენი გამოჩნდება, გამოიძიებენ, რამდენად ობიექტურად, მაგასაც დავინახავთ.

გუშინ დავითხოვე შეკრებიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი დღე ჰქონდეს მოსაწესრიგებლად. რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, ჩემი დაკვირვებით, იქამდე, სანამ შეკრების ფარგლებში იყო, მდგომარეობა ოპტიმალურია, ფსიქოლოგიურ ტრავმას რაც შეეხება, შედეგზე აისახება. იმდენად შეეხო ამ ბიჭს მომხდარი, რომ იმ მიზნების გზაზე, რომელიც გვაქვს და რისი პოტენციალიც ლაშას აქვს, გულდასაწყვეტია, რომ ესეთი ამბავი გამოგვეჩხირა“, - ამბობს ძიუდოს მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გუშინვე გამოაქვეყნა განცხადება, რომ გამოძიება დაიწყეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე. ამ მომენტისთვის კი დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG