Accessibility links

logo-print logo-print

პუტინმა ბერლინში მოკლული ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სისხლიანი ადამიანი“ უწოდა ბერლინში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილს.

9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანელმა ჟურნალისტმა პუტინს შეკითხვა დაუსვა ხანგოშვილის მკვლელობის თაობაზე.

პუტინის თქმით, ხანგოშვილი იყო რუსეთის მიერ ძებნილი პირი, სისხლიანი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა სასტიკ ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებაში.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა მოხდა ბერლინში: „ეს ბანდიტური სფეროა, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

პუტინმა ისიც თქვა, რომ გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევებას შესაბამისი დიპლომატიური ზომებით უპასუხებენ, თუმცა, მკვლელობის საქმის გამოძიებაში გერმანიასთან ითანამშრომლებენ.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

რამდენიმე დღის წინ, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა, კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა, სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად პოლიცია იძიებდა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობს მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

ფედერალური პროკურატურა იძიებს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG