Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ირანში იმყოფებოდა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, რომელსაც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, კონსულტაციები გამართა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ინფორმაცია თეირანში 8 დეკემბერს გამართული სამუშაო ვიზიტის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 10 დეკემბერს გაავრცელა.

ირანის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სეიდ აბას არაყჩი. კონსულტაციების ფარგლებში დელეგაციებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, მათ შორის, ტრანზიტის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონთაშორისი სატრანზიტო მარშრუტების განვითარების ორმხრივ ინტერესსა და საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობის როლზე. თბილისის დელეგაციამ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, მაქსიმალურად იყოს ათვისებული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტები.

საქართველოს დელეგაციამ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობისა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ. ირანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ხანმოკლე შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფთანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG