Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11-დან 3 მინისტრს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით, ქვეყანაში მინისტრების და მათი მოადგილეების თითქმის ნახევარს, 64-დან 29-ს უდასტურდება კომერციული ინტერესი. საუბარია უშუალოდ ამ თანამდებობის პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას, 29-დან 22-ს, ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან:

- 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა. მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს;

- 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი;

- 4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში: თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი;

- 3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე;

- 1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებითვე, ბიურომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს დეკლარაციების სისტემის გაუმჯობესებისკენ, რათა თანამდებობის პირებმა ვერ შეძლონ, მარტივად დაარღვიონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი დეკლარირების ვალდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG