Accessibility links

წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ომბუდსმენის მოხსენებიდან 


დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანი უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2019 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები და ის ამბები შეაფასა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი უწევდა მონიტორინგს. გთავაზოთ 10 ყველაზე მნიშვნელოვან თემას მისი გამოსვლიდან:

  1. 20-21 ივნისს მომიტინგეების დაკავება
  2. 18 და 26 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ, წყლის ჭავლით აქციის დაშლა
  3. სპეცდანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლა პანკისის ხეობაში
  4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს მკვლელობაში მსჯავრდებული პატიმრების შეწყალება
  5. სახელმწიფოს ლოიალობა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიმართ
  6. ციხეში პატიმრების არაფორმალური მმართველობა
  7. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი
  8. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი
  9. სექსუალური შევიწროების შემთხვევები
  10. შრომის უსაფრთხოების პრობლემა

1. 20-21 ივნისს მომიტინგეების დაკავება

მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა:

  • აქციის დაშლამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მონაწილეები მკაფიოდ და გასაგებად არ გაუფრთხილებიათ, რომ ხელისუფლება აპირებდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას;
  • შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არ მიუცია გონივრული ვადა ტერიტორიის დასატოვებლად;
  • გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით;
  • რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები.

2. 18 და 26 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ, წყლის ჭავლით აქციის დაშლა

„მართალია, მოცემულ შემთხვევაში წინა შემთხვევისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში

3. სპეცდანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლა პანკისის ხეობაში

ძალის გამოყენებით დაშალეს პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. ომბუდსმენის განცხადებით, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყველა მშვიდობიანი რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს მკვლელობაში მსჯავრდებული პატიმრების შეწყალება

2019 წლის მანძილზე სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა 3 ფაქტის შესახებ, როდესაც მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები შეიწყალეს. მათ პენიტენციური დაწესებულება სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუხდელად დატოვეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ შეწყალების უფლებამოსილების ამგვარი არაგონივრული გამოყენებით დაირღვა სიცოცხლის უფლება.

5. სახელმწიფოს ლოიალობა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიმართ

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა საპროტესტო აქციების დროს ლოიალურ დამოკიდებულებაზე იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ლგბტ აქტივისტებს, მათ მხარდამჭერებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

„საყურადღებოა ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტები. ამ შემთხვევებში არაერთი ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა, რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

6. ციხეში პატიმრების არაფორმალური მმართველობა

ლომჯარია საუბრობს შემთხვევებზე, როდესაც ციხეებში მყოფი პატიმრების გარკვეული ჯგუფი, მსჯავრდებულებს არწმუნებს, რომ შესაბამისი სტრუქტურების ნაცვლად ისინი გამოიყენონ პრობლემების მოგვარებისას:

„სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ჰქვია ქურდების მიერ ციხის მართვა. თუმცა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი მაყურებლები ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია ციხეში აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან.

ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენთან საუბარიც ხშირად ხდება მათი თანდასწრებით და შეიმჩნევა ის, რომ ეს ადამიანები ერევიან, ფაქტობრივად, პატიმრების ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს, ქმედებებსა თუ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან“.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პატიმრები იყრიან თავს, მათზე გამოყოფილი ბადრაგების რაოდენობა კი საგრძნობლად მცირეა.

7. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი

ომბუდსმენი ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვაში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეებს ხედავს.

„შემაშფოთებელია ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებული ინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი და სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი პაციენტის გარდაცვალების ფაქტი.

8. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი

ომბუდსმენის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რამაც პროცესის სამართლიანად წარმართვა ეჭვქვეშ დააყენა. ამავდროულად, მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც, საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა. ასევე, საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვებს წარმოშობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

9. სექსუალური შევიწროების შემთხვევები

ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველისადმი სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ მომართვიანობა გაიზარდა (მსგავსი ფაქტების უმეტესობას ქალები სამუშაო ადგილზე აწყდებიან). ამ ფაქტს ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირებს.

2019 წლის 19 თებერვალს სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის სახედ განისაზღვრა და კანონმდებლობით აიკრძალა, 3 მაისის ცვლილებებით კი საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნეს.

10. შრომის უსაფრთხოების პრობლემა

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია მოცემული, შრომის უსაფრთხოების კუთხით კვლავ მძიმე მდგომარეობაა. 2019 წლის პირველ ნახევარში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 71 და გარდაიცვალა 25 ადამიანი. გასულ წელთან შედარებით, არსებული კლების ტენდენციის მიუხედავად, ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, გაატაროს აქტიური ღონისძიებები პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად. ასევე, მოხსენებაში დადებითად შეფასდა 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ყველა სექტორზე გავრცელება.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG