Accessibility links

logo-print logo-print

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“


შალვა თადუმაძე

მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციის თანახმად, საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად არ დასტურდება, როგორც შალვა თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის, ასევე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა.

კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აღნიშნავს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგზავნილი წერილით შეუძლებელია , რადგან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის შალვა თადუმაძეს დიპლომის ნამდვილობის შესწავლის თხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, ცენტრს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია. ამავე ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში წარდგენილი არ არის შალვა თადუმაძის დიპლომის მაგისტრთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს შალვა თადუმაძეს ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება.

12 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭში უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. იმ 14 კანდიდატს შორის, რომლებმაც კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა და კომიტეტის რეკომენდაცია დაიმსახურეს, არის მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG