Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პელოსი: წარმომადგელთა პალატა მომავალ კვირაში გამართავს კენჭისყრას ტრამპის იმპიჩმენტზე


ნენსი პელოსი
ნენსი პელოსი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პალატა მომავალ კვირაში გამართავს კენჭისყრას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე.

ხუთშაბათს იმპიჩმენტის საკითხებს განიხილავენ წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში. მოელიან, რომ მისი წევრების უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრეზიდენტისთვის წაყენებულ ორივე ბრალდებას - უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლას. კომიტეტში უმრავლესობა იმპიჩმენტის მომხრეების, დემოკრატების ხელშია.

დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ მთელს წარმომადგენელთა პალატაშიც. როგორც ვარაუდობენ, ტრამპს იმპიჩმენტის განაჩენს გამოუტანენ. არ არის ნათელი, დაუჭერს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მხარს რომელიმე რესპუბლიკელი. ჯერჯერობით ყველა რესპუბლიკელი ტრამპის მხარდამჭერ გადაწყვეტილებებს იღებს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ისინი ცდილობენ, რომ საბოლოო კენჭისყრის ვადა გადაიწიოს.

იმპიჩმენტის ბრალდებები მიმდინარე კვირაში ჩამოაყალიბა კონგრესმა. უფლებამოსილებების ბრალდება ემყარება იმას, რომ ზაფხულში ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა. ამავე დროს, როგორც იტყობინებიან, ტრამპი და მისი ახლო წრე ცდილობდა დაერწმუნებინა უკრაინა, რომ გამოძიება დაეწყო ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეროლდ ნედლერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით ტრამპი „ასუსტებს მოკავშირეს, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, როცა ამერიკის მტერს ებრძვის“. „და როცა პრეზიდენტი მოითხოვს, რომ უცხოეთის სახელმწიფომ გამოძიება ჩაატაროს მისი შიდაპოლიტიკური მეტოქის წინაღმდეგ, ის არჩევნების კორუმპირებას ეწევა“, დასძინა ნედლერმა.

მეორე ბრალდება დაკავშირებულია ტრამპის უარზე, კონგრესთან ითანამშრომლოს იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხების გამოძიებაში.

რესპუბლიკელები და თავად ტრამპი აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია. მათი თქმით, ტრამპის მოქმედების მიზანი იყო უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კონგრესის ზედა პალატის, სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკონელმა განაცხადა, რომ სენატი იმპიჩმენტის საკითხს იანვარში განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG