ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც 12 დეკემბერს რუსთავში, ხელახლა მშენებარე მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.
ორი ქალი სახლში, ჭყონდიდელის დასახლებაში მიდიოდა, როდესაც მათ ჩაბნელებულ ქუჩაზე ფეხით გადასვლის დროს, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
რუსთავის საკრებულოს წევრმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნანა შატბერაშვილმა, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაღუპული 45 წლის ქალია. მისივე თქმით, მეორე ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, ის მსუბუქად დაშავდა.
„წლებია, ჭყონდიდელის დასახლება საღამოობით ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითხოვს, ასევე, მუნიციპალური ავტობუსის მეტი ინტენსივობით მოძრაობას. საღამოობით დასახლების ბინადართ სახლში მისვლა ფეხით უწევთ, შესაბამისად, მშვიდობის ქუჩაზეც ფეხით გადადიან", - ამბობს შატბერაშვილი.
აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პირობების შეუსრულებლობისთვის ადგილობრივმა მერიამ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ახალი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დააგო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაწერეთ კომენტარი