Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბოლომდე მიიყვანს "ბრექსიტს"


ბორის ჯონსონის მიმართვა არჩევნების შემდეგ
ბორის ჯონსონის მიმართვა არჩევნების შემდეგ

„ბრექსიტის“ მომხრე ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს აძლევს მტკიცე მანდატს, შეასრულოს დანაპირები და ბოლომდე მიიყვანოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესი.

„მე დავასრულებ ამ უაზრობას და ჩვენ 31 იანვრისთვის განვახორციელებთ „ბრექსიტს“, არავითარი „თუ“ და „მაგრამ“, - განაცხადა 13 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ოფიციალური მონაცემების გამოცხადების შემდეგ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ბორის ჯონსონმა, მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების დათვლის თითქმის საბოლოო შედეგით, ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, კონსერვატორები იღებენ 364 მანდატს, რაც სრულიად საკმარისია მთავრობის დასაკომპლექტებლად და „ბრექსიტის“ გეგმის განსახორციელებლად, რომლის ბოლო ვადა 31 იანვარს იწურება.

2016 წლის ივნისის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ, 52%-მა, მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან.

თუ ახლად არჩეული პარლამენტი, თემთა პალატა, მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის „ბრექსიტის“ გეგმას, ეს ნიშნავს, რომ ცვლილებების ძალაში შესვლამდე, გარდამავალი პროცესი 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერდა ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას და საკითხის ხელახლა გატანას რეფერენდუმზე, წინა არჩევნებთან შედარებით უარესი შედეგი უჩვენა და 59 მანდატი დაკარგა, რის გამოც მისმა ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ გადადგება პარტიის ლიდერობიდან.

მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა შედეგი შოტლანდიის ნაციონალისტურმა პარტიამ, რომელსაც 48 ადგილი ექნება ახალ პარლამენტში, ხოლო „ბრექსიტის“ გაუქმების მომხრე ლიბერალ- დემოკრატებს, მხოლოდ 11 მანდატი ხვდათ წილად.

ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტი შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ „ბრექსიტის“ თაობაზე ლონდონის გეგმები მალე გახდება ცნობილი.

„ჩვენ ველოდებით, რომ ბრიტანეთის პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად გაიმართება კენჭისყრა. მნიშვნელოვანია, სიცხადის შეტანა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს მიშელმა, ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ჩასვლის შემდეგ.

ლონდონის ყოფილი მერისა და ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერის, ბორის ჯონსონის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო „ბრექსიტის შესრულება“ (Get Brexit Done).

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით დასრულდება ბრიტანეთისა და ევროკავშირის 50-წლიანი ინტეგრაცია, რასაც უნდა მოჰყვეს ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებები ვაჭრობისა და უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმების თაობაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერით მიულოცა არჩევნებში გამარჯვება ბორის ჯონსონს.

„ვულოცავ ბორის ჯონსონს ამ დიდ გამარჯვებას. აშშ და ბრიტანეთი ახლა უკვე თავისუფალი იქნებიან, რომ გააფორმონ ახალი მსხვილი სავაჭრო შეთანხმება „ბრექსიტის“ შემდეგ! ეს იქნება უფრო დიდი და მოგებიანი შეთანხმება, ვიდრე ნებისმიერი გარიგება, რომელიც შეიძლება ევროკავშირთან დაიდოს. გილოცავ, ბორის!“ - წერს ტვიტერში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დიდი ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 13 დეკემბრის დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG