Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: "ქართული ოცნების" ინიციატივა პროცესის გაგრძელების ყველაზე არასწორი ფორმაა


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი, პროცესის ყველაზე არასწორი ფორმით გაგრძელებას უწოდებს მმართველი გუნდის მიერ დღეს გამოთქმულ ინიციატივას.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის გარკვეული დათმობების ნაცვლად მოვისმინეთ, რომ მომდევნო არჩევნები კვლავ შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, „მივიღებთ არაპროპორციულად დიდ რაოდენობას ადგილებისა პარლამენტში და მერე ეს რომ არ გაგვიპრობლემდეს, ავდგებით და 2024 წლამდე გარანტირებულად ჩავწერთ კონსტიტუციაში შერეულ საარჩევნო სისტემას“.

ჩუგოშვილის შეფასებით, კრიზისის გამოწვევა შეუძლია მხოლოდ უსამართლო სისტემით და მნიშვნელოვანი დარღვევებითა და ხარვეზებით არჩევნების ჩატარებას, ამიტომ საჭიროა, რომ სისტემა იყოს სამართლიანი და არჩევნები ჩატარდეს გამართულად და დარღვევების გარეშე: „ამის ნაცვლად, იმის თქმა, რომ რაც უკვე წერია კონსტიტუციაში და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ერთად გაკეთებული 2017 წელს, ჩვენი ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პირობებში, და რაც იყო ჩემთვის პირადად ერთ-ერთი სამაყო რამ, ისიც დგება უკვე სერიოზული რისკების და კითხვის ნიშნების ქვეშ“.

„ეს ხდება იმიტომ, რომ თუკი დღეს ჩატარდება არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, არავინ არ იცის, როდის შეიძლება ქვეყანას დასჭირდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თუკი ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, ის უკვე იქნება პროპორციული. და ეს ინიციატივა ნიშნავს ხელისუფლებისთვის გარანტირებულად შენარჩუნებას ოთხი წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის, რომელიც მოპოვებული ექნება შერეული საარჩევნო სისტემით. დღეს მოქმედი კონსტიტუციით ეს ასე არ არის“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს აკეთებს საზოგადოებაში ყველას აზრის იგნორირებით და, თითქოს, გუნდის შიდა შეთანხმებისა და „უცნაური პროცესების ფონზე, რომლის მიმართ დამაჯერებლობა საერთოდ არ არსებობს“.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ერთადერთი, რასაც მხარს დაუჭერს, არის ის, რომ მომდევნო არჩევნებისთვის ხელისუფლებამ მოძებნოს გზა სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის, რადგან დღეს არსებული აცდენილია ქვეყნის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG