Accessibility links

“მეტალიკის“ ყველაზე სიგიჟე კონცერტი


საბჭოთა კავშირი ბოლო საათებს ითვლიდა. ყოფილი რესპუბლიკების ნაწილს, მათ შორის საქართველოს, უკვე გამოცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა. პუტჩი უკვე მომხდარი იყო და ორიოდ თვეში სსრკ ოფიციალურად გაუქმდებოდა. ცვლილებების და მომავლისკენ ყურების დრო იყო. ამ მომავლის ქარმა კი განსაკუთრებულად ძლიერად მოსკოვში, ტუშინოს აეროდრომზე ჩატარებული კონცერტის დროს დაუბერა.

სრული სიგიჟე იყო. Monsters of Rock - სახელგანთქმული ფესტივალი საბჭოთა კავშირს ეწვია. AC/DC, Pantera, The Black Crowes და კიდევ ერთი რუსული მეტალ ბენდი იდგებოდნენ სცენაზე. თუმცა, ყველაზე მეტად, ალბათ Metallica-ს ელოდნენ. ჯგუფს რუსეთში ისედაც ბევრი ფანი ყავდა, რამდენიმე თვის წინ გამოუშვეს Black Album და, საერთოდაც, ხალხო, მეტალიკაააა. აააა.

რა ღირდა ფესტივალზე დასწრება? არც არაფერი. უფასო იყო.

ამიტომაც, იმ აეროდრომზე სრული სიგიჟე ხდებოდა. ზუსტად რამდენი ადამიანი მივიდა არავინ იცის, მაგრამ მილიონნახევარს ვარაუდობენ. მართლა. რა სიგიჟეა, არა?

მილიონი და კიდე ხუთასი ათასი. ლამის უკვე მთლიანად ჩამოშლილ იმპერიაში. ბევრი კონცერტზე ნამყოფი იყო კი არა, უცხოელი არ ენახა ახლოდან.

და თვითონ კონცერტი როგორია? ამ ვიდეოზე, რომელიც ქვემოთ დავურთე, მხოლოდ დასაწყისია. „იუტუბზე“ სრული ვერსიაც დევს, მაგრამ იმას ბევრად უარესი ხმა აქვს. აქ მუსიკაც კარგად ისმის და ატმოსფეროც ჩანს.

თან, რა კარგი კონცერტია! ბენდი პირდაპირ საქმეზე გამოდის და ახალგამოსული „სენდმენით“ იწყებს და მერე ეგრევე “ქრიფინგ დესით“ უმატებს ტემპერატურას. ბალადებს თითქმის არ უკრავენ. „თითქმის“ იმიტომ, რომ „ფეიდ თუ ბლექ“ ნახად იწყება, მაგრამ ბოლომდე ბალადა არაა - ტურურუმ ტურურუმ ტურურუმ რომ იწყება მაშინვე თავის ქნევა გინდება.

თავის ქნევას რაც შეეხება - რა მოხდენილად ჰედბენგავენ ოთხივენი. ალბათ სულ სხვა სტიმულს აძლევდათ სცენიდან დანახული მილიონი ადამიანის ერთდროული ხტუნვა.

თუმცა, რომ მკითხო, ალბათ შორიდან საყურებლად უკეთესია, ვიდრე, ადგილზე რომ ყოფილიყავი.

აი, იმ ხალხის შუაში რომ იყო და ტუალეტში გასვლა მოგინდეს? თან, ისედაც რამდენი ტუალეტი იქნებოდა იმ აეროდრომზე? ან იქიდან წამოსვლა აღარ გინდა? რითი დაბრუნდებოდი სახლში?

მაგრამ, ამავე დროს, რა ტუალეტი, როდესაც სცენიდან „მასთერრრ, მასთერრ“ ისმის?

ანდა სახლში რა გინდა, როდესაც ისედაც ქვეყანა თავზე გენგრევა?

თან, მაგ ვიდეოში კი არ ჩანს, მაგრამ ბოლო სიმღერად „მეტალიკამ“Battery შეასრულა. მაგით დამუხტული ფეხით ჩახვიდოდი ნოვგოროდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG