Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ეს საზეიმო ღონისძიებაა, დაპირისპირება არ მოხდება


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ემზადება საზეიმო ღონისძიებისთვის, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. მისი სიტყვებით, ეს იდეა მმართველი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელსაც მმართველი ძალა მხარს უჭერს.

„ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ეს მოვლენა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ევროპასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან საუბარში.

მისივე სიტყვებით, ღონისძიება თავისი შინაარსით საზეიმოა და დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.

კობახიძემ უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ 14 დეკემბრის ღონისძიებით ხელისუფლება უბრალოდ ძალის დემონსტირერებას ახდენს და თქვა, რომ მმართველი პარტიისადმი ხალხის მხარდაჭერა დასტურდება არჩევნებით:

„ამ ღონისძიების მიზანი ეს არ არის, მაგრამ, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ძალასაც დაინახავს დღეს საზოგადოება. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ჩვენს უკან დგას ხალხის მხარდაჭერა, ეს დასტურდება არჩევნებით და ეს დასტურდება ზოგადად იმ გარემოთი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ამის მორიგი დასტური იქნება, რა თქმა უნდა, დღევანდელი ღონისძიება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას, თავისუფლების მოედანზე გაიმართება და მას რეგიონებიდან ათასობით ადამიანი უერთდება. მათ ტრანსპორტირებას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს.

თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აიძულებდნენ, უარის შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ.

XS
SM
MD
LG