Accessibility links

site logo site logo

არჩილ თალაკვაძე: ეს პატიმრობაც დასრულდება


უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის გამო? - ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ასე პასუხობს:

„ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არის ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და ის უნდა გათავისუფლდეს. ნებისმიერი პოზიცია, რომელიც არის ამისგან განსხვავებული, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია“.

თალაკვაძის სიტყვებით, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქალაქე და ხელისუფლება ერთ პოზიციაზე დგას.

„ის იმყოფება უკანონო პატრიმრობაში. ეს პატიმრობაც დასრულდება, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის კედელი, რომელიც დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აქვს აღმართული რუსეთის ფედერაციას ჩვენს ტერიტორიაზე, ეს კედელიც აუცილებლად დაიშლება. ამას სჭირდება სტრატეგიული მოთმინება, ამას სჭირდება სწორი, პრაგმატული, კარგად გათვლილი საგარეო პოლიტიკა და, რაც მთავარია, ეფექტური საშინაო პოლიტიკა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ხელისუფლება პირველივე დღიდან არის ჩართული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.

„რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ამაში გადაგვახდევინოს მეტი ფასი. რაც უფრო მეტ პრინციპულობას ხედავს ჩვენი მხრიდან, რაც უფრო მეტ ევროპელობას, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ ურთიერთობას ხედავს ჩვენი მხრიდან ნატოსთან და აშშ-სთან, რა თქმა უნდა, რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის რეაქციები არის უფრო მკვეთრი, მაგრამ ჩვენ ამაზე მხოლოდ მშვიდი და პრაგმატული რეაქცია გვექნება. საქართველო უკან არ დაიხევს თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. იყო მოლოდინი, რომ მას 13 დეკემბრის სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოსამართლემ ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG