Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ერთ კვირაში მეორე კიბერშეტევა გაანეიტრალა


თეირანში მთავრობის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანმა ერთ კვირაზე ნაკლებ პერიოდში ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მეორე კიბერშეტევა გაანეიტრალა.

ირანის ტელეკომუნიკაციების მინისტრი, მოჰამად ჯავად აზარი ჯაჰრომი, ტვიტერზე წერს, რომ შეტევა კიბერუსაფრთხოების მექანიზმების მიერ იქნა იდენტიფიცირებული და განეიტრალებული. მინისტრის თქმით, შეტევის მიზანი იყო ირანში სამთავრობო დაზვერვიდან ინფორმაციის მოპოვება. „ჯაშუშური სერვერები ამოცნობილია და ჰაკერების კვალიც დადგინდა“, - წერს ის, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.

11 დეკემბერს ჯაჰრომიმ ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს უთხრა, რომ ირანის ელექტროინფრასტრუქტურა იყო „მასშტაბური“ და „სამთავრობო“ კიბერშეტევის სამიზნე. მან დასძინა, რომ შეტევა თავიდან იქნა აცილებული და მის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება.

10 დეკემბერს ჯაჰრომიმ უარყო გავრცელებული ცნობები, რომ ჰაკერული ოპერაციების სამიზნე იყო ირანული ბანკები, და, ასევე, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა შეაღწიეს ირანის ბანკების მილიონობით მომხმარებლის ანგარიშებზე.

ირანმა თავისი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გამორთო ინტერნეტიდან მას შემდეგ, რაც კომპიუტერულმა ვირუსმა სახელით Stuxnet, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი პროდუქტი იყო, შეაფერხა ათობით ცენტრიფუგის მუშაობა ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე, გვიანდელ 2000-იან წლებში.

ივნისში, ვაშინგტონში, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის სამხედრო უწყებამ კიბერშეტევა განახორციელა ირანის სამხედრო კომპიუტერული სისტემის წინააღმდეგ, სპარსეთის ყურის თავზე აშშ-ის საფრენი აპარატის ჩამოგდების პასუხად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG