Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი არ აპირებს ნატოდან გასვლას


ჰულუსი აქარი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი
ჰულუსი აქარი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთი, რომელიც ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირეა, არ აპირებს თავდაცვითი ალიანსის დატოვებას, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა 15 დეკემბერს განაცხადა კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე.

თურქეთის მიერ რუსეთისაგან თანამედროვე საჰაერო-თავდაცვის S-400 კლასის სარაკეტო კომპლექსის შეძენის ფონზე, ანკარის მოტივაციით დაინტერესდა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი, ვოლფგანგ იშინგერი.

„ჩვენ ვრჩებით ნატოში და არ ვაპირებთ არსად წასვლას. ანკარის პოზიციაა, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ყოფნა არის უცვლელი“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ სხვა ქვეყნებთან პარტნიორობა არ წარმოადგენს ნატოს ან ევროკავშირის ალტერნატივას, რომელთან დაახლოებასაც თურქეთი ესწრაფვის.

ნატოს წევრ თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების გამო, რომლის ორგანიზებაშიც ანკარა აშშ-ში დევნილობაში მყოფ საზოგადო მოღვაწე, ფეთულა გიულენს ადანაშაულებს.

შემდგომ წლებში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან შეიძენდა ნატოს თავდაცვის სისტემასთან შეუთავსებელ S-400-ს.

ვაშინგტონის თანახმად, რუსეთის სარაკეტო სისტემა საფრთხეს წარმოადგენს ამერიკული F-35 კლასის თვითმფრინავებისათვის, რის გამოც თურქეთს ამერიკული გამანადგურებლების პროგრამის დატოვებით დაემუქრა.

რუსეთისგან S-400-ის შეძენის პასუხად, გასულ კვირაში, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს თურქეთისათვის სანქციების დაწესების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG