Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყემალაძე: ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობა კონსულტაციებს გამართავს


გიორგი ტყემალაძე
გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა სამშაბათს, 17 დეკემბერს, გამართავს კონსულტაციებს საკრებულოს წევრის, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ერეკლე კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ აუცილებლად გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ გვექნება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, თქვენ ამას შეიტყობთ... კონსულტაციები უნდა გავიაროთ უმრავლესობის ფორმატში, ეს არის სწორი ფორმა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. მისი შეფასებით, ერეკლე კუხიანიძის გამონათქვამები ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, არაკორექტული იყო.

„ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და, შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებებისგან. ამგვარი განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საკრებულოსთან საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის დასრულების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, საკრებულოს წევრებს ერეკლე კუხიანიძის სადეპუტატო მანდატის შეჩერების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვთ.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გაავრცელა, სადაც თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს.

საკრებულოს დეპუტატი სხვადასხვა დროს აკეთებდა გავრილოვის მხარდამჭერ და მედიის საწინააღმდეგო განცხადებებს ფეისბუკზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG