Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე კუხიანიძე: ჩემი ნათქვამი იმ სიბილწესთან შედარებით ბავშვის ღუღუნი იყო


ერეკლე კუხიანიძე
ერეკლე კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე ამბობს, რომ მისი მისამართით გამოხატული კრიტიკის ნიაღვარი ბავშვის ღუღუნია იმასთან შედარებით, რაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახზე თქვა:

„ჩემს წინააღმდეგ წამოსული იყო იმისთანა სიბილწე, რომ ჩემი ნათქვამი იმასთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი. ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი პათოლოგიური ნიაღვარი ზიზღის, გინების“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ჩართვისას. როგორც მან ტელეკომპანიის ეთერში აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მისი სალანძღავი პოსტი პასუხი იყო ოჯახის მიერ სახელმწიფოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე:

„მე მის შეფასებაში არ შევსულვარ. ჩემი გულისწყრომა და ეს რეაქცია გამოიწვია იმან, რომ როდესაც იმ ფონზე, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, ამ შემთხვევაში მთავრობას ვგულისხმობ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ადამიანი გამოეხსნა ამ ხლართებიდან, ოჯახი გადავიდა ძალიან მძიმე შეტევაზე. ახლა ვიღაცისთვის ეს შეიძლება არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე, როგორც ამ სიტუაციებში კარგად ჩახედული, ძალიან კარგად ვხედავ, რას ნიშნავს ეს დარტყმა ოცნებაზე, რომელიც ისედაც დასუსტებულია. რომელიც განიცდის მუდმივ შეტევებს“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

მან არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვებს, აპირებს თუ არა, დატოვოს თბილისის საკრებულოს მანდატი და ბოდიში მოუხადოს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს „სერიოზულ გადაცემაში“ მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას თავის პოზიციას იქ გააცნობს.

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკრებულოს უმრავლესობა მის საკითხზე კონსულტაციებს 17 დეკემბერს გამართავს.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამ მიმართულებით ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიური იყო 16 დეკემბერსაც, როდესაც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.

„ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ- ნელა…“, - წერს ის ფეისბუკზე, თუმცა თავად გაზიარებული ინფორმაცია ამჟამად უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი.

XS
SM
MD
LG