Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკომენდაციები - როგორ ვმართოთ მოზარდის თვითმკვლელობით  გამოწვეული სტრესი


15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სამოქალაქო პროტესტის ტალღა მოჰყვა.მედია აშუქებს საქმის ყველა სავარაუდო დეტალს, რის ფონზეც სკოლის მოსწავლეებს, რომელშიც მოზარდი სწავლობდა სტრესთან გამკლავება უწევთ. არამხოლოდ მეგობრის დაკარგვის, არამედ იმ გამოხმაურებების გამო, რასაც სოციალურ ქსელებში აწყდებიან.

„ კითხულობენ ამ ყველაფერს ბავშვები, უგზავნიან ერთმანეთს იმას, რასაც წერენ სოციალურ ქსელში სკოლაზე. წერენ, რომ სკოლა უნდა დაიხუროს, ბავშვებმა ამ სკოლაში აღარ უნდა იარონ, რომ ეს „მკვლელი სკოლაა“. ბავშვი თავი იმართლებს - არ ვიცნობდი ამ ბიჭს, რატომ ვართ მკვლელები, ძალიან ვნერვიულობთ ამას რომ გვეძახიანო.“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტი სოფო ბუკია, რომლის დისშვილებიც “მწვანე სკოლაში” სწავლობენ.

სოფოს თქმით, მშობლები მუდმივად ესაუბრებიან ბავშვებს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუკი კომპეტენტური ადამიანები იმუშავებდნენ სკოლის მოსწავლეებთან.

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათი ფსიქო-სოციალური მომსახურების ჯგუფის სპეციალისტები ზოგიერთ სკოლაში უკვე იყვნენ, ზოგან ჯერ მზად არ არიან ბავშვები და სასაუბროდ დრო სჭირდებათ.

„ გვაქვს კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც შედგება ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და სოციალური მუშაკისგან. ისინი ადგილზე აფასებენ რამდენად არიან ბავშვები მზად დახმარების მისაღებად. მაგალითად, დღეს ერთ-ერთ კლასში უკვე ჩატარდა ჯგუფური ტრავმის მართვის ღონისძიება. „- ამბობს ნინო შატბერაშვილი

მისი თქმით სკოლამ პირველ რიგში ბავშვებს მათთვის გასაგები ენით უნდა აუხსნას რა მოხდა, როგორ და რატომ მოიქცა სკოლა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა. ბავშვებს არ უნდა გაუჩნდეთ დანაშაულის შეგრძნება.

ნინო შატბერაშვილი მშობლებს რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს იმისთვის, რომ მომხდარი მოვლენით ემოციურად დათრგუნულ ბავშვებმა სტრესთან გამკლავება შეძლონ:

  • მოუსმინოთ ბავშვს და რაც მთავარია აგრძნობინეთ, რომ მზად ხართ ამისთვის;
  • არ განსაჯოთ მისი გრძნობების და დამოკიდებულებები, გამოიჩინეთ მხარდაჭერა მის მიმართ და მის მიერ გამოთქმული შეხედულებების მიმართ.
  • აგრძნობინეთ მას რომ არ შეიკავოს თავი და გამოხატოს ემოციები.
  • აუხსენით, რომ თუ რამე შეკითხვები აქვს სკოლასთან, სპეციალისტთან ან მეგობრებთან, შეუძლია იკითხოს.
  • განუმარტეთ ბავშვს, რომ ერთი შემთხვევის განზოგადება ყველა სხვა შემთხვევაზე არ არის სწორი
  • აგრძნობინეთ, რომ უსაფრთხო გარემოშია როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში და თქვენ მის ინტერესებს ყოველთვის დაიცავთ. ·
  • ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ მეტი დრო გაატაროთ ბავშვებსა და მოზარდებთან ერთად.
  • სუიციდზე საკუთარი ინიციატივით საუბრის წამოწყება სახიფათოა, ინტერესის გაზრდის რისკის გამო - მაგრამ თუ ბავშვი/მოზარდი სვამს შეკითხვებს აუცილებელია, რომ არ მოხდეს სუიციდის რომანტიზება. აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG