Accessibility links

logo-print logo-print

ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ


ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებულ მეზღვაურებს სტამბოლში დახვდა საქართველოს ვიცე-კონსული

საქართველოში დაბრუნდნენ მეზღვაურები გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე, რომლებიც ორ წელზე მეტხანს იმყოფებოდნენ ლიბიის საპატიმროში.

გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე სამშობლოში სტამბოლის გავლით დაბრუნდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ოჯახის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები.

ტანზანიის დროშით მცურავი, თურქი მფლობელის გემი „REX“-ი ლიბიაში 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. გემის კაპიტანს, გენადი კომახიძეს და კაპიტნის თანაშემწეს, რომან კაკალაძეს ბრალად დასდეს ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება.

გამოძიების მსვლელობისას ქართველი მეზღვაურების წინასწარი პატიმრობა თითქმის ორ წელს გაგრძელდა, 2019 წლის გაზაფხულზე კი მათ მხოლოდ ნავთობის უკანონო გადაზიდვისთვის მიუსაჯეს 6-თვიანი პატიმრობა და მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადვოკატის მუშაობის შედეგად ქართველ მეზღვაურებს საჯარიმო სანქცია მოუხსნეს და 17 დეკემბერს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გენადი კომახიძის და რომან კაკალაძის გათავისუფლების პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩართული იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ქართულ მხარეს დახმარებას უწევდა ლიბიაში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო. „ფაქტობრივად, ამ ადამიანების ციხეში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ ლიბიური მხრიდან ვერ ვიღებდით თანხმობას გამოშვებაზე, თითქოსდა, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო. გემთმფლობელი გაქრა. საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღო და სავარაუდოდ, ლიბიის ხელისუფლებასთან გარიგებაში იმყოფებოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ივანე აბაშიძემ.

2019 წლის იანვარში, ლიბიაში მოკლეს 23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე, რომელიც მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის წევრი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG