Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძეს ზურგზე სტიკერი მიაკრეს


„ელჩების კონფერენცია 2019“-ის ფარგლებში უცხოეთში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატები თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ.

ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში (სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში) გამართული ღონისძიებიდან გამოსულ საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძეს მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები დახვდნენ. მათ დიპლომატს ზურგზე მიაკრეს სტიკერი: „შეცვალე".

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, „ეს ადამიანები შეიძლება, ითქვას, რომ არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ელჩები და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოს ელჩობასთან. მათ მიაქვთ ის გზავნილები, რასაც უბრძანებს ბიძინა ივანიშვილი და არა - ქართველი ხალხის მოთხოვნები“.

აქტივისტები უკმაყოფილოები არიან საქართველოს დიპლომატების მუშაობით. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

„მესმის, რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ზუსტი, ადეკვატური შეფასება... ჩვენს ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მოადგება არანაირი ჩრდილი“, - თქვა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფი მზარდ შეშფოთებას გამოთქვამს „ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG