Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი: ფსიქოლოგები მუშაობენ "მწვანე სკოლის", მე-100 და 169-ე სკოლების მოსწავლეებთან


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თვითმკლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსწავლეებს სტრესის გადალახვაში დაეხმარონ.

„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, მთელს ჩვენს საზოგადოებას. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მუშაობენ „მწვანე სკოლის“, მე-100 და 169-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში.

სამინისტროში მუშაობს ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი, სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი.

რაც არ უნდა რთული იყოს დღეს ნებისმიერ სხვა საკითხზე მსჯელობა, სწორედ ჩვენი შვილების ინტერესები მოითხოვს, რომ მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მივმართოთ განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG