Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი: ვითხოვ პრემიერ-მინისტრთან პირად შეხვედრას


საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი თამილა ლაფანაშვილი ამბობს, რომ მის გასათავისუფლებლად ბრძოლა გაგრძელდება.

ლაფანაშვილი კონკრეტული გეგმების შესახებ არ საუბრობს და მოთხოვნას აყენებს.

„ვითხოვ პრემიერ-მინისტრთან პირად შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება“, - თქვა თამილა ლაფანაშვილმა ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ექიმის ცოლი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„ჩვენთვის, ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო, რაც მოხდა. ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება ყოფილიყო ვაჟასთვის გამოტანილი.

არაფრით არ შევეგუებით, რადგან ადამიანი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი კრიმინალი, დანაშაული არ ჩაუდენია. ანუ ისჯება თავისი იდეებისთვის და სწორი იდეებისთვის.

ჩვენ ისევ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს. სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. ეს არის ღირსების საქმე არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლის უპირველესი ვალია ადამიანის უფლებების დაცვა. იდეების გამო მისი ციხეში გამოკეტვა, სრულიად აბსურდია“, - ამბობს თამილა ლაფანაშვილი.

როგორც ლაფანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ოჯახს ჯერჯერობით არ გადაუწყეტია, დე ფაქტო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს თუ არა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 13 დეკემბერსაც მიმართა.

„უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო და ვთხოვთ, პრემიერ-მინისტრს პირადად ჩაერთოს ამ ყველაფერში, უხელმძღვანელოს საკოორდინაციო საბჭოს და დაავალოს, რომ მასში შევიდეს ყველა ის უწყება, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებებში და დაგვეხმარება ამ საკითხის სწრაფად გადაჭრაში“, - აცხადებდა ექიმის ოჯახი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG