Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს წევრის მანდატს "არცერთ შემთხვევაში" არ დატოვებს


თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე მანდატზე უარის თქმას არ აპირებს. „მანდატს არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ. იმიტომ, რომ ეს მომცემს საშუალებას, რომ ვებრძოლო აი, ამ საშინელ ძალას“, - განაცხადა კუხიანიძემ „პრაიმ ტაიმის“ ოფისში, 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერეკლე კუხიანიძემ საშინელი ძალა „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდა. საკრებულოს წევრის შეფასებით, ეს პოლიტიკური ძალა ქვეყანას შეგნებულად ვნებს, ცდილობს, როგორმე მოარყიოს ნავი და სახელმწიფო ჩააგდოს ისეთ მდგომარეობაში, რომ შეუძლებელი გახადოს მოწინააღმდეგე ძალასთან ურთიერთობის დალაგება და, აქედან გამომდინარე, შეუძლებელი გახადოს პროგრესი. კუხიანიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს მუდმივი დესტაბილიზაცია, რათა როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში.

ერეკლე კუხიანიძემ ისიც განაცხადა, რომ არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი, რომელიც საქართველოს დასავლელი პარტნიორების პოზიციას ეწინააღმდეგება: „ამერიკელი და ევროპელი, დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთთან უნდა ილაპარაკოთ და რუსეთთან გამონახოთ საერთო ენა. ეს ხო ფაქტია, რომ ამას გვეუბნებიან. არაფერი არ გააკეთოთ და არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას. იმიტომ, რომ რეალურად გვეხმარებიან იმაზე მეტს, რაც შეუძლიათ. ანუ, ეს არის აქსიომა, მეგობრებო! ამიტომ, ნებისმიერი ქმედება, ნებსით თუ უნებლიეთ, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, აზიანებს ქვეყანას. თუ ამაზე შემომედავებიან, ესე იგი, დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ არიან“.

ერეკლე კუხიანიძის განცხადებითვე, ალტერნატივა არ აქვს მოლაპარაკებებს და პოლიტიკური გზებით საკითხის გადაწყვეტას: „დასავლელი პარტნიორები გვთავაზობენ ისეთ რეჟიმს, სადაც მეორე მხარე - მოწინააღმდეგე დაარქვი, მტერი, ოკუპანტი დაარქვი - ყველამ ვიცით, რაც ხდება - რომ ისინი ჩვენთან დასხდნენ სალაპარაკოდ. როდესაც შენ ვიღაცას მუდმივად ეძახი ოკუპანტს, აგინებ, ლანძღავ, შეუძლებელი ხდება იმ გარემოს შექმნა, სადაც დალაპარაკება და რაღაცაზე მსჯელობა არის შესაძლებელი“.

კუხიანიძის თქმით, მართალია, საქართველოს დასავლელი პარტნიორები რუსეთს ოკუპანტს უწოდებენ, მაგრამ საქართველოს ურჩევენ, რომ თავად ეს არ თქვას. ჟურნალისტების შეკითხვას, კონკრეტულად ვინ ურჩევს ამას საქართველოს, ერეკლე კუხიანიძემ უპასუხა: „ყველა ჩვენი დასავლელი პასრტნიორი მაგას გვეუბნება, ყველა... ის, რაც შეუძლია იმან უთხრას, ჩვენ გვეუბნება, შენ არ თქვაო... რატომ? ჩვენ რომ ვუთხრათ, გამოსავალი რა არის, ვიყოთ მუდმივად ამ სტატუს-კვოში?! ჩვენ ვაგინებთ, ისინი იჭერენ ვიღაცეებს, ვიღაცას აწამებენ... სრულიად დაუცველი ვართ. ამას გვთავაზობთ? მე ამის წინააღმდეგი ვარ“.

ერეკლე კუხიანიძის მიერ თბილისის საკრებულოს დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც13 დეკემბერს, ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის გამო უწოდა იდიოტები და პროვოკატორები. მოგვიანებით, მან არაკორექტულობის გამო ბოდიში მოიხადა.

ერეკლე კუხიანიძეს გაემიჯნა თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, რომლის გადაწყვეტილებით, მას გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და უმრავლესობა დაატოვებინეს.

„ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა. პირდაპირ გამოცხადდა ისე, რომ არცერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი არ შემხვედრია. არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან, რომ მხარს მიჭერენ პრინციპულად, ჩემ მხარეს არიან, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, - განაცხადა კუხიანიძემ 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG