Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კავკასია“ მოითხოვს, „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა და „მაესტრომ“ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება დაფარონ


ფინანსთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება ტელეკომპანია „კავკასია“. სამინისტრომ 23 დეკემბერს დავალიანების მქონე ტელევიზიებს ერთი დღის ვადა მისცა.

„2019 წლის 14 აგვისტოს ჩვენთვის თქვენი განცხადებიდან გახდა ცნობილი იმ დავალიანების მოცულობის შესახებ, რომელიც ბიუჯეტის წინაშე სამ ტელეკომპანიას დაუგროვდა: რუსთავი2– 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია „იმედი“– 19 მილიონი ლარი, ტელეკომპანია „მაესტრო“ – 8 მილონი ლარი.

ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო, რომ ტელეკომპანიების ნაწილი წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და ამაში მათ ხელს სახელმწიფო უწყობდა, თუმცა წარმოდგენაც კი არ გვქონდა დავალიანების მასშტაბების შესახებ, რაც ჩვენთვის მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა“, - აცხადებს „კავკასია“.

როგორც ტელეკომპანია მიუთითებს, შოკისმომგვრელია სახელმწიფოს დამოკიდებულება, როცა ის შერჩევით მიდგომას იყენებს ერთი და იგივე ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში აყენებს მათ და პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას (მუხლი 6, პუნქტი 2).

„იმ თანხით, რაც ჩვენ გადასახადების სახით გადავიხადეთ იმ პერიოდში, როცა ჩვენი კონკურენტები პრაქტიკულად გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადისგან: შევიძენდით ახალ ტექნიკას, დავასრულებდით პავილიონს, რომელიც უსახსრობის გამო დღემდე დაუსრულებელი გვაქვს, დავიქირავებდით ათეულობით კვალიფიციურ თანამშრომელს, შევქმნიდით არაერთ ახალ, ხარისხიან ტელეპროექტს. თუმცა, ჩვენ ნაცვლად ამას აკეთებდნენ ჩვენი კონკურენტები, რომლებსაც არავინ თხოვდა ბიუჯეტში თანხის გადახდას.

უსამართლობის მასშტაბების გასაჯაროების და გაცნობიერების შემდეგ, ჩვენმა ტელეკომპანიამ პრინციპულად უარი თქვა გადასახადების გადახდაზე მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან, სანამ არ გაირკვევა სახელმწიფოს გადაწყვეტილება მილიონობით დავალიანების მქონე არხებთან დაკავშირებით, რითაც პროტესტი გამოუცხადა დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას“, - აღნიშნულია „კავკასიის“ განცხადებაში და მოითხოვს უსამართლო მიდგომის აღმოფხვრას:

„1. გასაჯაროვდეს, რა ეტაპზეა ტელეკომპანიების: „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მაესტროს“ მრავალმილიონიანი დავალიანებების საკითხის განხილვა, რას სთავაზობენ ისინი სახელმწიფოს და რას სთავაზობს მათ სახელმწიფო.

2. მოვითხოვთ, ჩაგვაყენოთ ყველა დანარჩენი ტელეკომპანია თანაბარ მდგომარეობაში და არათუ დღეისთვის არსებული დავალიანებები გადაგვინაწილოთ გადახდის იგივე გრაფიკით, არამედ ამ არხების დავალიანების თანხის პროპორციული (ყოველი ცალკეული არხის შემოსავლებთან მიმართებაში, ან დავალიანების დაგროვების პერიოდის გათვალისწინებით) მოცულობის ბიუჯეტში გადახდილი თანხები დაგვიბრუნოთ უკან და მოგვცეთ საშუალება ბიუჯეტს ეს თანხები გადავუხადოთ იმავე გრაფიკით, როგორც ზემოთჩამოთვლილი ტელეკომპანები დაფარავენ ძველ დავალიანებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ტვ „იმედი“, „რუსთავი 2“ და „მაესტრო“ დაუყოვნებლივ დაფარავენ ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას – 55 მილიონ ლარს, გპირდებით, რომ იმავე დღეს დავფარავთ სრულად ჩვენს მიმდინარე დავალიანებას, რომელიც ამ კოლოსალურ თანხებთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება.

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიერ ჩვენ მიმართ გატარებული ნებისმიერი ზომა იქნება კონკურენციის შემზღუდავი, არაკონსტიტუციური, უსამართლო და იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფო იყენებს შერჩევით მიდგომას სხვადასხვა მედიასაშუალებების მიმართ“,
- ნათქვამია ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართვაში.

როგორც ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

რადიო თავისუფლებას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ტელევიზიებისა და დავალიანების დასახელებისგან თავს იკავებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG