Accessibility links

"ქართულ ოცნებაში" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მხარდაჭერად შეაფასეს


პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც არის მთავარი უწყება ამ მიმართულებით, მხარდამჭერი განცხადება“, - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას.

კობახიძის თქმით, განცხადებაში გამოკვეთილია ორი ძირითადი საკითხი - სასამართლო რეფორმა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად: „მეოთხე ტალღის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, არის პირველ რიგში გამოტანილი ამ განცხადებაში“.

ირაკლი კობახიძემ მეორე ძირითად საკითხად ის დაასახელა, რომ ამერიკელი მეგობრები მიესალმებიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დიალოგს.

„ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მეგობრობასა და პარტნიორობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და, პირველ რიგში, იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, მათ მაღალ შეფასებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტებმა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არა მხოლოდ სხვადასხვაგვარად გაიგეს, არამედ სხვადასხვაგვარად თარგმნეს: „პოლიტიკურ პროკურატურაზე და არც პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი. აქ არის საუბარი, რომ უნდა გააძლიეროს საქართველომ ძალისხმევა იმისათვის, რომ არ იყოს არანაირად, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი მიკერძოება... არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა, ან სასამართლო, არც სხვა რამეზეა საუბარი, არც დაჟინებაზე არ არის საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG