Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს 6 ნარკორეალიზატორი


თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დეკემბრის განმავლობაში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ა.ჯ., 1981 წელს დაბადებული რ.ა., 1970 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1974 წელს დაბადებული კ.ჯ., 1992 წელს დაბადებული ა.მ. და 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 68 შეკვრა „ჰეროინი“, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

1970 წელს დაბადებულ ჰ.ჯ.-ს, ასევე, ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ამოღებულია: 31000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 32 კილოგრამი „ჰეროინი“, 2 კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი“, 22 კილოგრამი და 10 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, 25 კილოგრამი „მდმა“, 10 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 2 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG