Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა


მიუხედავად არაერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს, - აღნიშნულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ მხრივ ნაბიჯები არ გადადგმულა:

„სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არა ერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.

კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის“, - აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

დღეს, 31 დეკემბერს, იწურება მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ვალდებულებების შესრულებისთვის მიცემული ვადა. კონსორციუმმა უნდა წარადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევის ხელშეკრულებები.

შესასრულებელ ვალდებულებებს შორისაა ასევე პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორსა და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება და ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის საბანკო გარანტიის წარდგენა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების ვადა 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის დეკემბრამდე რამდენჯერმე გადაუვადდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შესრულების გადავადება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG