Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერი აშშ-სა და ირანს მშვიდობისაკენ მოუწოდებს 2500 მეტრის სიმაღლის მთიდან


სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 5 იანვარს მეგობრებისა და მთამსვლელების ჯგუფთან ერთად ავიდა სომხეთში მდებარე არტანიშის მთის მწვერვალზე, 2500 მეტრის სიმაღლეზე და იქიდან მოუწოდა ირანისა და აშშ-ის ლიდერებს, თავი შეიკავონ ნაბიჯებისაგან, რომლებსაც ისედაც ერთობ დაძაბული ვითარების გამწვავება შეუძლიათ.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად დაიძაბა აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ბაღდადში ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმის განკარგულება გასცა, რათა „ომი შეეჩერებინა“, და რომ სოლეიმანი „გარდაუვალ და სასტიკ“ თავდასხმებს გეგმავდა აშშ-ის ინტერესების და მოკავშირეების წინააღმდეგ.

თეირანმა განაცხადა, რომ შურს იძიებს გენერლის მოკვლის გამო, ხოლო ვაშინგტონმა მუქარა გამოთქვა, რომ მის მოქალაქეებსა და ობიექტებზე თავდასხმას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.

სომხეთს ირანსა და აშშ-სთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. 3 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება გამოთქვა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარო.

არტანიშის მთაზე ასვლისას ფაშინიანმა ფეისბუკით პირდაპირი ჩართვა განახორციელა, მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის და გამოთქვა რწმენა, რომ „ორივე ლიდერი ამ სიტუაციაში ბრძნულად იმოქმედებს და არ დაუშვებს, რომ ვითარება გაუარესდეს“. ფაშინიანის თქმით, ჩვენი საქმიანობის მიზანი უნდა იყოს ჩვენი ხალხების და ქვეყნების განვითარება და ეს უნდა ემყარებოდეს ორმხრივი პატივისცემის, მშვიდობისა და სტაბილურობის პრინციპს.

უფრო ადრე ფაშინიანმა ფეისბუკით უარყო და ყალბი უწოდა ჯერ სომხურენოვანი საიტის, შემდეგ კი ირანის მედიით გავრცელებულ ცნობას, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტს მიულოცა „წარმატებული ანტიირანული ოპერაცია“. ფაშინიანის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა „სიტყვის ყალბი თავისუფლება“ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას.

5 იანვარს ირანის მხარის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოღრაბ მნაცაკანიანსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს შორის. მინისტრებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ბაღდადის ინციდენტის შემდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

„სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის მთავრობის სახელით ირანის მთავრობასა და ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა მაღალი რანგის ირანელი მოხელის სიკვდილის გამო“, ავრცელებს განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც დოკუმენტში ხაზს უსვამს ასევე შემდგომი დაძაბულობის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი საშუალებებით ვითარების განმუხტვის მნიშვნელობას.

XS
SM
MD
LG