Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ეპიდემიურ ზღვართან შორს ვართ


„ჩვენი ქვეყნისთვის განსაზღვრულ ეპიდემიურ ზღვართან შორს ვართ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე, რომელზეც გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება.

„დღევანდელი ციფრი 100 ათას მოსახლეზე არის 191. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში გვქონდა 312, ახლა არის - 191, რომელიც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან, ასევე გასული წლის, 2019-ის პირველ კვირასთან მიმართებაში. ასე რომ, სიტუაცია უფრო სიმშვიდისკენ მიდის. მეორე ინდიკატორი, მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, არის ოდნავ, დაახლოებით 3%-ით მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19%, ახლა არის 22%. ანუ, ჰოსპიტალიზაციის წილი მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით მომატებულია, თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით ოდნავ მშვიდი პროცესია გრიპთან მიმართებით. მისი თქმით, ამის ძირითადი განმაპირობებელია, რომ პრევალირებს „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, მათ შორის გრიპის ვირუსი როდის გამოჩნდა, რომელი ტიპისა და ქვეტიპის და ა.შ. ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება შედარებით კლინიკურად უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომ არის, რომ შარშანდელთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნაკლებია. შარშან ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი პრევალირებდა, H1 ქვეტიპით, რასაც ღორის გრიპს ეძახით და ის უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG