Accessibility links

logo-print logo-print

24 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა


24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ცემის ფაქტს აღიარებს. სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ წუხს მომხდარის გამო:

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი მიზანი იყო, რომ მანქანა არ წაეყვანათ და მოყვა ასეთი ტრაგიკული შედეგი, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ“, – აღნიშნა ბრალდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.

საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა 24 თებერვალს, 14 საათზე გაიმართება.

24 წლის მურად წურწუმია ნაწამები 3 იანვრის დილით იპოვეს. ოჯახი მურად წურწუმიას წამებით სიკვდილში სპეცრაზმელებს ადანაშაულებს. მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი მისი ძმა, 21 წლის მუხრან ჩხვირკიაა.

პროკურატურის თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე კონფლიქტი, რომლის დროსაც შსს-ს თანამშრომელმა მურად წურწუმია მოკლა, ავტომანქანის გამო დაიწყო. საგამოძიებო უწყების თანახმად, ძმები წურწუმიები ბრალდებულ ზ.ფ- ს ავტომანქანას "მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ".

"ბრალდებული ზ.ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა", -აღნიშნავს პროკურატურა.

იმის გამო, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, 6 იანვარს საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გაეგზავნა თბილისის პროკურატურას.

6 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ ზ.ფ-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG