Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი: კურორტებზე უწყლობის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა


მაია ცქიტიშვილი, გრიგოლ მანდარია
მაია ცქიტიშვილი, გრიგოლ მანდარია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ზამთრის კურორტებზე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დამსვენებლებს ბოდიშს უხდის. როგორც გუდაურში ყოფნისას მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, იყო ორი ავარია, თუმცა წყალმომარაგების კომპანიისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად წყლის მიწოდება აღდგენილია და „რედკოში„ დილიდან ყველა კორპუსი მარაგდება. მაია ცქიტიშვილის თქმით, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მხოლოდ „რედკოს“ დასახლებას ჰქონდა.

მინისტრის განმარტებით, წყლის მარაგებზე გავლენა უნალექო შემოდგომამ მოახდინა, პრობლემა კი იმ დასახლებებში გაჩნდა, რომლებიც სათავე ნაგებობებზე ზემოთ მდებარეობენ:

„პრობლემის რეალური მიზეზი არის უნალექო შემოდგომა, რაც აისახა წყლის მარაგებზე. ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომელიც სათავე ნაგებობებზე მაღლაა.

ბაკურიანში რეალურად მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს.

ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება, თუმცა როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით წყალს, ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც რეზერვუარი გააჩნია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემას გუდაურში ადგილზე, "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ახალ ხელმძღვანელთან გრიგოლ მანდარიასთან ერთად გაეცნო. კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე გრიგოლ მანდარიამ დღეს, 7 იანვარს ჩაანაცვლა ეკატერინე გალდავა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დირექტორის თანამდებობიდან ეკატერინე გალდავას გათავისუფლების მიზეზს არ ასახელებს. სავარაუდოა, რომ საკადრო გადაწყვეტილება გუდაურისა და ბაკურიანის წყლით მომარაგების სისტემაში ბოლო დღეებში შექმნილ პრობლემებს უკავშირდება.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG