Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს


მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობის შეწყვეტას სახალხო დამცველთან შეხვედრამდე არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. მან ნინო ლომჯარიას მიმართა, გიორგი მამალაძე უახლოეს ხანში მოინახულოს, რადგან, რამიშვილის თქმით, დეკანოზის სიცოცხლისთვის თითოეული წუთი არსებითია.

„დეკანოზის შიმშილობა არ ეხება შეწყალების საკითხს. მისი მოთხოვნაა, რომ შეხვდეს სახალხო დამცველს. მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება. შესაბამისად, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პირები მშვიდად არიან იმ თვალსაზრისით, რომ ყველანაირი პირობებია ფატალური შედეგის დასადგომად“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ადვოკატთან შესახვედრად საკაცით მიჰყავთ.

სახალხო დამცველის აპარატში სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრეს, რომ ნინო ლომჯარია დეკანოზთან შესახვედრად მზად არის, თუმცა კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სასამართლომ მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. 2020 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა. იმავე დღეს მან შიმშილობა დაიწყო.

გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ შეწყალებაზე უარი არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ პირადად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილება იყო, რადგან მას ეშინია ინფორმაციის, რომელსაც დეკანოზი ფლობს.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

XS
SM
MD
LG