Accessibility links

საავიაციო ტერაქტი თუ ტექნიკური გაუმართაობა?


უკრაინული მხარის განცხადებით, თეირანის მახლობლად 8 იანვარს მომხდარ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ (MAY)კუთვნილი “ბოინგ 737-800“-ის კატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალისტები სწავლობენ ყველა შესაძლო ვერსიას. მათ შორის არის რუსული წარმოების რაკეტის მოხვედრა.

ამ ვერსიას ანგარიშგასაწევად მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.

167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა ოთხშაბათს თეირანის აეროდრომის მახლობლად უკრაინული ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნისას.

ჯერჯერობით უკრაინულ ვერსიას არ იზიარებენ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები.

უკრაინულ ავიალაინერს სავარაუდოდ რაკეტა მოხვდა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:26 0:00

უკრაინული მხარის ვერსიები

ალექსეი დანილოვმა, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგი ვერსიები წარმოადგინა:

- თვითმფრინავი ჩამოვარდა საზენიტო რაკეტა „ტორით“, ვინაიდან ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია თვითმფრინავის კატასტროფის ადგილის მახლობლად აღმოჩენილი რუსული რაკეტის ნამსხვრევების შესახებ;

- უპილოტო მფრინავ აპარატთან ან სხვა მფრინავ ობიექტებთან შეჯახება;

- ტექნიკური მიზეზებით ძრავის მოშლა და აფეთქება;

- ტერორისტული აქტის შედეგად თვითმფრინავის შიგნით მომხდარი აფეთქება.

დანილოვის თქმით, უკრაინელ სპეციალისტთა დიდი ჯგუფი უკვე ჩავიდა თეირანში და ირანის ხელისუფლებასთან ათანხმებენ “ბოინგ 737-800“-ის კატასტროფის ადგილზე დაშვების საკითხს. უკრაინელი სპეციალისტები შეეცდებიან ადგილზე ნახონ რუსული რაკეტის ფრაგმენტები.

უკრაინული კომისიის შემადგენლობაში არიან ის სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2014 წლის ივლისში რუსული საზენიტო რაკეტა „ბუკით“ მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგ MH-17” -ის ჩამოგდების საერთაშორისო გამოძიებაში.

გამოძიება უტყუარად მიიჩნევს რუსეთის კვალს MH-17-ის ჩამოგდებაში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:37 0:00

დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება

სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ე.წ. „შავი ყუთში“ შენახული ჩანაწერების გაშიფვრას. როგორც ცნობილია, თეირანთან ჩამოვარდნილი “ბოინგ 737-800“-ის სამგზავრო თვითმფრინავის „შავი ყუთები“ ნაპოვნია და მათ გაშიფვრაზე თავად ირანელი სპეციალისტები მუშაობენ.

„იმისათვის, რომ ვერსია იქნეს წამოყენებული, საჭიროა „შავი ყუთების“ გაშიფვრა. მათ გაშიფვრამდე შესაძლებელია ათასი ვერსიის დასახელება. ამისთვის საჭიროა, რომ არსებობდეს რაიმე ვიდეო ან საუბრის ჩანაწერის გაშიფრული ტექსტი. ვერსიის წამოსაყენებლად საჭიროა გარკვეული ინფორმაციის არსებობა. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, ჯერჯერობით ჩვენ საკითხს განვიხილავთ ჭორების დონეზე. ჭორების დონეზე დაუსრულებლად შეიძლება ვერსიების წამოჭრა“, - განაცხადა პირველი კლასის მფრინავმა ანდრეი ლიტვინოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.

ანდრეი ლიტვინოვს რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ მფრინავის ამპლუაში არაერთი რეისი აქვს შესრულებული თეირანის აეროპორტში და კარგად იცნობს აფრენისწინა ვითარებას. მართალია, ანდრეი ლიტვინოვი გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე ვერსიების გამოთქმის წინააღმდეგია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინტერნეტით გავრცელდა „ბოინგ 7378“-ის ჩამოვარდნის ვიდეოკადრები თეირანის აეროპორტის მახლობლად, პროფესიონალი მფრინავიც არ გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას.

„თუ ეს ვიდეო სარწმუნოა, თუ ამ ვიდეოზე ის თვითმფრინავია, მაშინ ძალიან ჰგავს ტერაქტს; წააგავს არა შიდა ზემოქმედების, არამედ გარე ზემოქმედების შედეგად მომხდარ ტერაქტს... რაკეტის შედეგად თვითმფრინავის ჩამოგდებას... კადრების თანახმად, ძალიან წააგავს ამას. უფრო სწორად, უბრალოდ ძრავაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თვითმფრინავი არ დაიწყებდა ასე მოწყვეტით ვარდნას. ასე არ ხდება“, - აცხადებს პირველი კლასის მფრინავიანდრეი ლიტვინოვი, რომელიც არ იზიარებს არც ირანის ხელისუფლების მხრიდან რაკეტის მოხვედრის ვერსიის ხელაღებით უარყოფას.

თეირანში “ბოინგ 737-800“-ის ავიაკატასტროფის შემდეგ მალევე განაცხადეს, რომ რაკეტის მოხვედრის შემთხვევაში თვითმფრინავი არა ჩამოვარდნის შემდეგ, არამედ ჰაერშივე აფეთქდებოდა და დაიშლებოდა.

„გააჩნია, როგორი იქნებოდა რაკეტა და სად მოხვდებოდა. არსებობს სითბური რაკეტა, რომელიც თუ ძრავაში მოხვდა, თვითმფრინავი იწყებს მოწყვეტით ვარდნას. მაგრამ თუ ეს ვიდეო სარწმუნოა, ხაზს ვუსვამ, თუ ეს ის ვიდეოა, მაშინ ძალიან წააგავს ტერაქტს, მომხდარს გარედან ზემოქმედების შედეგად“.

სხვა ვერსიები და შეფასებები

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი “ბოინგ 737-800“, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეგულარულ რეისს, ირანში 8 იანვრის დილით ჩამოვარდა. თვითმფრინავში იმყოფებოდა 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი, სულ 176 კაცი, რომლებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

უკრაინის ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი იყო ტექნიკურად გამართული, ხოლო ეკიპაჟის წევრები იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის.

ავიაკომპანია „მაუ“-ში აცხადებენ, რომ “ბოინგ 737-800“ იყო ახალი. ის კომპანიამ აშშ-ში ქარხნიდან მიიღო 2016 წელს.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, კანადის სპეცსამსახურების წინასწარი ვერსიით, “ბოინგ 737-800“-მა კატასტროფა განიცადა ძრავის მწყობრიდან გამოსვლის, უფრო ზუსტად, გადახურების გამო და არა იმიტომ, რომ რაკეტა მოხვდა. ამ შეფასებას იზიარებენ ამერიკისა და ევროკავშირის სპეცსამსახურებიც.


ირანში უკრაინის საელჩომ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტერაქტი არ განიხილებოდა თვითმფრინავის კატასტროფის შესაძლო ვერსიად, მაგრამ მოგვიანებით საელჩომ ეს განცხადება საიტიდან აიღო.

სამგზავრო თვითმფრინავ “ბოინგ 737-800“-ის კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყში განლაგებულ ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.

მაგრამ სარაკეტო დარტყმებსა და ავიაკატასტროფას შორის კავშირის არსებობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ავიაკატასტროფის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინულ ავიაკომპანიას აეკრძალა ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით ფრენა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG