თბილისის პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ზურაბ ფოფხაძეს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა.
თავდაპირველად ფოფხაძისთვის წარდგენილი ბრალი ჯგუფურ დანაშაულს არ გულისხმობდა და წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ამჟამინდელი ბრალი წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (ჯგუფურად), რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე. მას, აგრეთვე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს.
პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ ზურაბ ფოფხაძე გადააყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.
ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით დააკავეს ვახტანგ ბურძენაძე. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
9 იანვარს თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბურძენაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვარს თბილისში ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად, ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.