Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი თეირანთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავი ყუთის“ მონაცემებს ჩამოტვირთავს


თეირანიდან კიევში მიმავალი უკრაინის თვითმფრინავის "შავი ყუთი"
თეირანიდან კიევში მიმავალი უკრაინის თვითმფრინავის "შავი ყუთი"

ირანმა განაცხადა, რომ ჩამოტვირთავს თეირანის მახლობლად ჯერ დაუდგენელი, გაურკვეველი მიზეზებით ჩამოვარდნილი უკრაინის თვითმფრინავის „შავი ყუთის“ მონაცემებს.

ამის ფონზე ირანმა გადაჭრით უარყო დასავლეთის მოსაზრება, რომ უკრაინის თვითმფრინავი თეირანის მახლობლად რაკეტამ ჩამოაგდო. ავიაკატასტროფას 176 ადამიანი ემსხვერპლა. ორი ქვეყნის გამომძიებლები განაგრძობენ თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლას.

„ერთი რამ ცხადია, თვითმფრინავს რაკეტა არ მოხვედრია“, - განაცხადა ირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა, ალი აბედზადემ 10 იანვარს პრესკონფერენციაზე მას მერე, რაც აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ უშიშროების სამსახურების მონაცემებით, თვითმფრინავის ჩამოგდება ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემაში შეცდომამ გამოიწვია.

აბედზადეს კომენტარი მოჰყვა თეირანის გადაწყვეტილებას, შესაძლებლობა მიეცა უკრაინელი ექსპერტებისთვის, შეესწავლათ თვითმფრინავის ნამსხვრევები და ასევე მიეწვია „ბოინგის“ მწარმოებლები და აშშ-ის ავარიების საგამოძიებო უწყება, რათა დახმარება გაუწიონ ირანს ავარიის მიზეზების დადგენაში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის განცხადებით, კატასტროფაში დაღუპულ უკრაინელთა ნათესავებისგან აიღეს დნმ-ს ნიმუშები, გვამების ამოსაცნობად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალიან ნაადრევია გამოძიების სპეციფიკური დეტალების გამოქვეყნება“.

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი, „ბოინგი 737-800“ 8 იანვარს ასრულებდა რეისს თეირანიდან კიევის მიმართულებით. თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდნენ 63 კანადელი, 82 ირანელი, 10 შვედი, ოთხი ავღანელი, სამი გერმანელი და სამი ბრიტანელი, ასევე 11 უკრაინელი, ეკიპაჟის 9 წევრის ჩათვლით, აფრენიდან მალევე ჰაერში აფეთქდა და ჩამოვარდა.

აშშ-ის სატელევიზიო არხის, CBS-ის გადამღებმა ჯგუფმა განაცხადა, რომ 10 იანვარს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მისულებს, მათ „არ უნახავთ არც დაცვა და არც გამომძიებლები“. CBS-ის კორესპონდენტმა, ელიზაბეთ პალმერმა ტვიტერში დაწერა, რომ, ადგილობრივების თქმით, თვითმფრინავის პრაქტიკულად ყველა ნაწილი გუშინ წაიღეს. ახლა ადგილს ასუფთავებენ, იტყობინება პალმერი.

10 იანვარს, ადრინდელი პოზიციისგან განსხვავებით, ირანმა განაცხადა, რომ მიიწვია აშშ-ის სახელმწიფო სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო და „ბოინგის“ წარმომადგენლები გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG