Accessibility links

logo-print logo-print

მოსამართლეთა 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების წარდგინება იურიდიულ კომიტეტს გადაეცა


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურების საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში დაიწყებს. დღეს, 10 იანვარს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს მოსამართლეობის კანდიდატურების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება გააცნო. წარდგინება განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მორიგი სია პარლამენტში გასული წლის ბოლოს შევიდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე პარლამენტისთვის წარსადგენი 6 კანდიდატი 26 დეკემბერს შეარჩია. საბჭოს სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები ასე განაწილდა:

გიორგი ტყავაძე - 11 ხმა;

თეა ძიმისტარაშვილი - 10 ხმა;

ილონა თოდუა - 10 ხმა;

პაატა სილაგაძე - 10 ხმა;

ნინო სანდოძე - 10 ხმა;

გენადი მაკარიძე - 10 ხმა.

სიიდან, რომელსაც საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის, ერთი კანდიდატი - პაატა სილაგაძე - 20-კაციან სიაშიც იყო, თუმცა პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

სექტემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა 20-კაციანი სია, რომელიც შედგა საბჭოში 50 კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ. 20-კაციანი სიიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ. შედეგად, 12 დეკემბერს, პარლამენტმა კენჭი უყარა 19 კანდიდატს. მათგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნა 14.

იმის გამო, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს უკვე გავლილი აქვთ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათი საჯარო მოსმენა მხოლოდ პარლამენტში გაიმართება.

კანდიდატებს ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ კი კენჭს უყრიან პლენარულ სხდომაზე. თუ კანდიდატები პარლამენტისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, იუსტიციის საბჭო კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG