Accessibility links

site logo site logo

კიევში აცხადებენ, რომ ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი 8 იანვარსვე იცოდნენ


უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი

კიევმა კატასტროფის დღესვე იცოდა, რომ უკრაინული სამგზავრო თვთმფრინავი ირანმა ჩამოაგდო, მაგრამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარი თქვა, რადგან კატასტროფის ადგილზე წვდომის უფლების მიღება სურდა - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ტელეარხ Current Time-თან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინის საელჩო ირანში, რომელმაც თავდაპირველად სარაკეტო იერიშის, ან ტერაქტის ვერსია გამორიცხა „შტაბის მითითებით“ მოქმედებდა, რადგან საჭირო იყო ირანი დათანხმებოდა უკრაინიდან საგამოძიებო ჯგუფის მიღებას. დანილოვის განცხადებით, როგორც კი თეირანისგან თანხმობა მიიღეს, საელჩომ ინფორმაცია საიტიდან წაშალა.

Current Time-ის შეკითხვას, რატომ არ განაცხადა უკრაინამ ამის შესახებ კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებზე ადრე, ოლექსი დანილოვმა უპასუხა: „მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენი ამოცანაა მუშაობა ჭეშმარიტების დასადგენად. მათთვის ეს შესაძლოა, პოლიტიკური საკითხი იყოს, ჩვენთვის კი პრაგმატული საკითხია. დაიღუპა ჩვენი ხალხი. ჩვენი ამოცანაა გავერკვეთ, გამოძიება ჩავატაროთ და მტკიცებულებები შევაგროვოთ".

დანილოვის ინფორმაციით, უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ ირანმა თვითმფრინავი რუსული წარმოების რაკეტით, Тор-ით ჩამოაგდო. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, კიევი აუცილებლად მიაღწევს, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

ავიაკომპანია "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი. ყველა მათგანი დაიღუპა - უკრაინის 11, ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

ირანის ხელისუფლება კატასტროფის ვერსიად ძრავის გაუმართაობას ასახელებდა, თუმცა, 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.

სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყის ბაზებზე მყოფ ამერიკელ სამხედროებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG