Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას


ISFED უარყოფითად აფასებს კანონპროექტს, რომელიც ცესკოსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ, საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლითაა ინიცირებული.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თანახმად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს და საფრთხის შემცველია დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ გამოყოფს კანონპროექტის სამ ძირითად პრობლემურ მიმართულებას:

  • საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ცესკოში არა პირდაპირ, არამედ საოლქო კომისიების მეშვეობით გადაიგზავნება.

„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რომ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება, მის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმები ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის მეშვეობით გაუგზავნოს, რაც გამორიცხავს არჩევნების შედეგების დროულ ხელმისაწვდომობას, საოლქო კომისიის სახით ქმნის დამატებით ბარიერს და საჯაროობის თვალსაზრისით წარმოადგენს არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეს.

  • ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა მოიცავს არა სრულ საარჩევნო პერიოდს, არამედ არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით პერიოდს.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს ავტორობით ინიცირებული ცვლილებები ამომრჩევლის მოსასყიდად კანონის გვერდის ავლის საშუალებას აჩენს.

  • იკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დამკვირვებლად დანიშვნა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ამ შეზღუდვის მიზანი ბუნდოვანია და დამკვირვებელთა მობილიზების პროცესში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლის რისკებს შეიცავს.

„სამართლიანი არჩევნები“ შენიშნავს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების პრობლემური ნაწილი სრულიად ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარსულში პოზიტიურად შეფასებულ რეფორმას და საარჩევნო პროცედურებს, რაც განაპირობებს არჩევნების შედეგების დროულად გამოქვეყნებას და, შესაბამისად, არჩევნების დაცვას მანიპულაციებისა და გაყალბებისგან.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივები საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილოს და პროცესი ფართო კონსენსუსის ფონზე წარმართოს.

XS
SM
MD
LG