Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მის წინააღმდეგ გავრცელებულ "კომპრომატს" უპასუხა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოლექსი ჰონჩარუკი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოლექსი ჰონჩარუკი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოლექსი ჰონჩარუკი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის თანახმად, თითქოსდა, ჰონჩარუკი ერთ-ერთ თათბირზე ამბობს, რომ „ეკონომიკაში სრული პროფანია“ და, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეკონომიკური პროცესები პრიმიტიულად ესმის.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი მოსვლის დღიდან მუშაობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც არ სურთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რამე გამოუვიდეს.

„მივმართავ მათ, ვინც გვებრძვის - ვერ შეგვაშინებთ! კიდევ უფრო ჯიუტად აღმოვფხვრით კორუფციას და გადავკეტავთ ნაკადებს“, - ამბობს ჰონჩარუკი ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დადებით ტენდენციებად გამოაცხადა ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება, უკრაინის საერთაშორისო რეზერვების ზრდა 25 მილიარდ დოლარამდე და ინფლაციის 4,1%-მდე შემცირება. „თუ ეს ქვეყნისთვის კარგი ახალი ამბები არ არის, მაშინ მე ეკონომიკაში სრული პროფანი ვარ“, - განაცხადა ჰონჩარუკმა. მან უკრაინელები დაარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, 15 იანვარს გავრცელდა. იმავე საღამოს ზოგიერთი მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ ოლექსი ჰონჩარუკმა დაწერა განცხადება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG