Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე ვადაგასულ მედიკამენტებზე: ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ვადაგასული მედიკამენტის შესახებ ლაპარაკობს.

„ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი. ეს არ არის წამლის გასაღების პროგრამა, ის ემსახურება პაციენტის განკურნებას“, - თქვა ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, „საყოველთაო საპატიმრო პროგრამის" ავტორები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემქმნელებს C ჰეპატიტის ელიმინაციას უწუნებენ და თავს ესხმიან სიკეთეს.

„ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათ უნდათ მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტის გაუფასურება - ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება, ოღონდ ჩრდილი მიაყენონ „ქართულ ოცნებას“, ისინი არ ერიდებიან ამ მნიშვნელოვანი სიკეთის დისკრედიტაციას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ამ მასშტაბით ხორციელდება. წარსული მძიმე იყო, ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, დამატებით, კიდევ ორს ითხოვდნენ. ხალხი ქონებას ჰყიდდა, რომ მკურნალობის საფასური გადაეხადათ. დღეს კი კლინიკები სავსეა პაციენტებით და მათ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის გასამმაგებული ბიუჯეტი იხარჯება. მიუხედავად სისტემაში არსებული ხარვეზებისა, დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება“,- თქვა ხუნდაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

თავად სააგენტოში ამას ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან.

XS
SM
MD
LG