Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი, საფრანგეთი "გრძელვადიანი ჩარჩოს" საჭიროებაზე ლაპარაკობენ ირანთან მიმართებით


19 იანვარს ირანის პარლამენტის გავლენიანმა სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ - რომელიც უწინ თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბირთვულ მოლაპარაკებებზე - გააკეთა განცხადება, რომ, თუკი ევროპის ქვეყნები „ნებისმიერი მიზეზით ... უსამართლო“ მიდგომას გამოავლენენ იმ განხილვის მექანიზმის მიმართ, რომელიც საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებაში ამუშავდა 2018 წელს ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, თეირანი „სერიოზულად გადასინჯავს“ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA). მის ამ განცხადებას სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გასულ კვირაში გამოაცხადეს, რომ აამუშავეს განხილვის მექანიზმი ერთიან და ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაში (JCPOA), ანუ ხელშეკრულებაში, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა შეზღუდა, საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

„ის, რაც ევროპის სამმა ქვეყანამ გააკეთა ირანის ატომურ საკითხთან მიმართებით.... დასანანია" - თქვა ლარიჯანიმ და დასძინა: „მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ, თუ ევროპა, ნებისმიერი მიზეზით, უსამართლოდ გამოიყენებს ატომური ხელშეკრულების 37-ე მუხლს, მაშინ ირანი სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ“. ლარიჯანის ამ სიტყვებს სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

სამმა ევროპულმა ქვეყანამ, რომლებიც - ჩინეთთან, რუსეთთან, ევროკავშირთან და წარსულში აშშ-სთან ერთად - ირანთან ხელშეკრულების ხელმომწერები არიან, განაცხადა, რომ, მართალია, მექანიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს გაეროს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება, ისინი არ უერთდებიან აშშ-ის ერთწლიანი, „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს თეირანის ქცევის შეცვლას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 19 იანვარს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ხელშეკრულების ერთგულნი რჩებიან და, ბერლინში, ლიბიის კონფლიქტის საკითხზე მიმდინარე სამიტზე შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ გრძელვადიანი ჩარჩოს შემუშავებაა საჭირო - სააგენტო როიტერსის თანახმად, ამას ბრიტანეთის პრემიერის ოფისი იუწყება.

"ირანთან მიმართებით, ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ JCPOA-ს უერთგულებენ და ასევე აღიარეს საჭიროება შემუშავდეს გრძელვადიანი ჩარჩო, რომელიც ირანს საშუალებას არ მისცემს მოიპოვოს ბირთვული იარაღი" - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანი და განაგრძობს: "ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დეესკალაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა შექმნილი დაძაბულობიდან დიპლომატიური გამოსავლის მოსაძებნად".

მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებიდან აშშ გავიდა, ირანმა დაარღვია დოკუმენტით გათვალისწინებული მთავარი შეზღუდვები და გადააჭარბა ურანის მარაგის, გამდიდრების დონის და ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების ტიპსა და რაოდენობაზე დადგენილ საზღვრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG