Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროკურორო საბჭო იწყებს გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შემოწმებას


საქართველოს გენერალური პროკურატურა

საპროკურორო საბჭო შეამოწმებს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილი პირების შესაბამისაობას კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან და მათი დოკუმენტების სისრულეს. ამ მიზნით, საპროკურორო საბჭო დღეს, 13 საათზე სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საბჭო ერთი კვირის ვადაში იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭოს წევრები არიან პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები და პარლამენტის დეპუტატები. 13-წევრიანი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარეა პროკურორი ნანა ხუნჯუა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG