Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი" გრიგოლ ვაშაძესთან ლაპარაკს აღარ აპირებს


"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ მონაწილეობას აღარ მიიღებს ოპოზიციის წარმომადგენელთა იმ შეხვედრებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის გამომხატველი იქნება ამ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ვაშაძის განცხადება, რომელიც მან 21 იანვარს გააკეთა „მთავარი არხის" ეთერით.

„ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებააო, არაფერი შეგეშალოთო. ჰოდა: „გირჩი“ გააგრძელებს კონსულტაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებთან (ისევე როგორც სხვა პარტიებთან) იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია), მაგრამ ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს. მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკის გვერდზე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმდა სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით, 2019 წლის 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები.

თუმცა, 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელსაც ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა. ამას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG