Accessibility links

site logo site logo

ლაშა დარსალია დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ესაუბრა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მინისტრის მოადგილის დიპლომატებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გამწვავებული ვითარება. ლაშა დარსალიამ ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში ადგილზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. პოსტების აღმართვაზე“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რაც გასული წლის სექტემბერში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ და თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია.

„შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG