Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური ნინო ლომჯარიას პასუხობს


„არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე“, - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადების პასუხად.

როგორც პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია“.

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები, ასევე, მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

„ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (...) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

23 იანვარს ნინო ლომჯარიამ „მატროსოვის ციხეში“ ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ თქვა: „დარღვეული არის ორგანული კანონის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის თვალთვალს და მიყურადებას პატიმრებთან შეხვედრის დროს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG