Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: „ჩვენი ამოცანა არაა, ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს“


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების, ბრაიან ბაბინისა და პიტ ოლსონის განცხადებას, რომ ხმას უერთებენ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „კრიტიკის უწყვეტ ტალღას“ უწოდებს.

„რომელ წერილში რა ტერმინები იქნება ნახმარი, ეს არ ცვლის ბევრს არაფერს. მთავარია, ეს ტალღა, რომელიც ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას. თუ ივანიშვილი გააგრძელებს ძალადობისა და რეპრესიების დღევანდელ კურსს, უკან არ წაიღებს შეურაცხყოფას და არ მისცემს ქართველ ხალხს იმას, რასაც დაჰპირდა გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ, მაშინ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაღრმავდება. მე არ მიყვარს პროგნოზები და არ ვიცი როდის მიაღწევს ვითარება კრიტიკულ ზღვარს. ჩვენი ამოცანა არაა ის, რომ ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს, მაგრამ თუ ის ასე გააგრძელებს, ნამდვილად ასე მოხდება: საქართველოში დაკარგავს ძალაუფლებას იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას უპირისპირდება, ხოლო შემდეგ უმძიმესი შეექმნება პრობლემები ყველგან თავისუფალ სამყაროში. მსგავსი მაგალითი ბევრია გარშემო“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

გიგა ბოკერიას თქმით, ამერკელი კონგრესმენები შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება საქართველოში, "იმით თუ საით მიჰყავთ საქართველო ივანიშვილსა და მის გუნდს, რაც აზიანებს საქართველოსა და, მათი აზრით, ამერიკის ინტერესებსაც".

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ბაბინმა ტვიტერით გაავრცელა წერილი, რომელიც მან 23 იანვარს გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

კონგრესმენი წერილში აცხადებს, რომ თავის ხმას უერთებს საქართველოს გამო მზარდ შეშფოთებას, რომლის მიზეზი დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაა. ბაბინი უერთდება კოლეგების, საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეების აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის და დემოკრატი კონგრესმენის ჯერალდ კონოლის 13 დეკემბრის წერილში ხაზგასმულ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, არ განხორციელდეს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები და ასევე ცნობებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. კონგრესმენი ბაბინი, მისივე თქმით, ასევე უერთდება 13 იანვრის წერილს, რომელიც მისმა კოლეგამ, კონგრესმენმა, მარკუინ მალინმა მისწერა გახარიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG