Accessibility links

ედუარდ შევარდნაძე - 92


25 იანვარს დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომლის როლი მნიშვნელოვანია საბჭოთა კავშირის დაშლასა და ბერლინის კედლის დანგრევაში. თუმცა გავრცელებულია მოსაზრება, რომ ზოგჯერ მის როლს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქართველი და უცხოელი ანალიტიკოსები.

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში საქართველოს ყველა პრეზიდენტი ახსენა, მათ შორის ახსენა ედუარდ შევარდნაძეც, რომელმაც, ზურაბიშვილის თქმით, პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური მმართველობისკენ.

რა არის ედუარდ შევარდნაძის მთავარი პოლიტიკური მემკვიდრეობა? - ამ კითხვის პასუხად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა შევარდნაძის დაკრძალვის წინა დღეებში განაცხადა:

„ვფიქრობ, მისი მთავარი მემკვიდრეობაა ის, რომ მიხეილ გორბაჩოვთან ერთად, იმპერიის შესანარჩუნებლად ძალის გამოყენებაზე უარი განაცხადა. ამან მილიონობით ადამიანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოეთის ყოფილ რესპუბლიკებში საშუალება მისცა, ესარგებლა თავისუფლებით, ახალი შესაძლებლობებით, დემოკრატიითა და თავისუფალი ბაზრით - რასაკვირველია, სხვადასხვა დოზით საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ყოფილ რესპუბლიკაში. ვფიქრობ, ეს დიდი მემკვიდრეობაა. დარწმუნებული ვარ, ისტორია ორივეს გამორჩეულ ადგილს მიაკუთვნებს“.

1970-იან წლებში, კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, ედუარდ შევარდნაძემ ბრძოლა გამოუცხადა ე.წ. „ცეხავიკებსა“ და „დელეცებს“. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, და განსაკუთრებით ამ თანამდებობის დაკავების შემდგომ პერიოდში, შევარდნაძე დაუპირისპირდა საქმოსნებს, რომელთაც ბრალი დასდო სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და მექრთამეობაში. ამ პერიოდის გახმაურებულ საქმეთა შორის იყო სამედიცინო უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის, პეტრე გელბახიანის და მეწარმე ოთარ ლაზიშვილის საქმეები. კორუფცია კვლავაც მნიშვნელოვანი თემა გახდა მოგვიანებით, უკვე შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როდესაც საქართველოს პირველ პირს თავად ადანაშაულებდნენ კორუმპირებული სახელმწიფო მმართველობის შექმნაში.

საქართველოში დღესაც ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ „შევარდნაძის რეჟიმი“ უნდა გასამართლდეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისათვის, 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობისათვისა და 1992 წელს ე.წ. აფხაზეთის კონფლიქტის გაჩაღებისათვის.

ედუარდ შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, კრწანისის რეზიდენციის ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG