Accessibility links

logo-print logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები: ადმინისტრაციულ დაკავებას ხელისუფლება იარაღად იყენებს


აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როცა ის თბილისის საკრებულოში პროტესტს გამოხატავდა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიმართ. კუხიანიძემ რამდენიმე დღით ადრე საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მაცაბერიძე ჰყვება, რომ სამართალდამცველების მიერ მისი საკრებულოდან გაყვანის პროცესში კარში მოაყოლეს ხელი და პოლიციელებთან შეხლა-შემოხლის დროს კიბეზე დაგორდა.

„დაკავების ოქმში წერია, რომ თურმე უშვერი სიტყვებით ვიგინებოდი და ვილანძღებოდი. ეს ოქმი ვინც შეადგინა, ეს ადამიანი იმ ოთახში არ იყო. მსგავსი არაფერი მომხდარა, არც კადრებში ჩანს, რომ ვიგინები და ვილანძღები. ერთადერთი სიტყვა, რასაც ვამბობდი, ეს იყო ‘მონა’”, - ჰყვება შუშანა მაცაბერიძე და განაგრძობს: “მოსამართლემ პროცესზევე განუმარტა ბრალდებას, რომ მონა არ არის შეურაცხმყოფელი სიტყვა, თუმცა ბოლოს მაინც დამაჯარიმა 1500 ლარით“.

შუშანა მაცაბერიძე მხოლოდ ერთ-ერთია იმ ასეულობით აქტივისტიდან, რომლებიც 2019 წლის აქციების დროს ადმინისტრაციულად დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობისა თუ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

მაცაბერიძემ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა დისკუსიაზე „ადმინისტრაციული დაკავება - ხელისუფლების იარაღი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „კონსტიტუციური კვლევების ცენტრის“ ორგანიზებით 28 იანვარს გამართულ ღონისძიებას სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური და საექსპერტო წრეების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

დისკუსია შეეხო ბოლო პერიოდში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებისას გამოვლენილ ხარვეზებს, სასამართლოში საქმეების განხილვის პრაქტიკას.

იურისტი ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ პრობლემა იწყება 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსიდან, რომელიც მოსამართლეს და შსს-ს წარმომადგენელს უფლებას აძლევს, რომ მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ადამიანი ადმინისტრაციულად დააპატიმრონ ან დააჯარიმონ 3000-4000 ლარით.

დისკუსიის მონაწილეების თქმით, პრობლემა წლებია, იდენტიფიცირებულია, თუმცა რეფორმა არც ერთმა ხელისუფლებამ ბოლომდე არ მიიყვანა.

ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულის შემდეგ აქციებზე დაკავებულთაგან 120 ადამიანზე მეტს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა და 70-ზე მეტი დაჯარიმდა.

„ეს ძალიან დიდი რიცხვია“, - ამბობს ქურდოვანიძე და განაგრძობს: „5 ადამიანის საქმე განიხილებოდა ერთად. აქედან ყველა ამბობდა, რომ არ მომხდარა ის ფაქტი, რასაც პოლიცია ამტკიცებდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ყველა დააჯარიმა ერთის გარდა. ერთნაირად უარყო ყველამ ბრალდება, ერთნაირი მტკიცებულებები იყო საქმეში, მაგრამ მოსამართლემ თქვა, რომ ერთის ჩვენება უფრო სარწმუნოდ ჩათვალა“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომლის განხილვას უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლო დაიწყებს, არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

„თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, რისი იმედიც გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობა ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება და შეიცვლება საერთოდ ის სტანდარტი, რომლითაც საქმეები განიხილება. გასაჩივრებულია ის მუხლი, რომელიც მოსამართლეს არ ავალდებულებს, დაასაბუთოს, რატომ, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG