Accessibility links

უჰანში მცხოვრები გოგო ჩინეთში ყოფნისა და საქართველოში ევაკუაციის შესახებ საუბრობს


ნინი დავლიანიძე უჰანში ცხოვრობს და მუშაობს, საკვები მოიმარაგა და ახალი სახეობის კორონავირუსის გამო სახლიდან არ გადის. ამასობაში საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მსჯელობს. თუმცა, ნინი რადიო თავისუფლებას უყვება, რატომ არ მოსწონს ევაკუაციის იდეა.

„მე კატეგორიულად არ მინდა წამოსვლა, ახლა საქართველოში რომ დავბრუნდე, ვირზე შემჯდარი მარიტასავით ვიქნები, ტალახს მესვრიან და არ ვარ მორალურად ამისთვის მზად. ასევე, რამდენადაც ვიცი, პირდაპირ საქართველოში ევაკუაცია არ მოხდება, ჯერ მეგობარ ქვეყანაში გადაგვიყვანენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელი ქვეყანა იქნება ეს. იქ თოთხმეტდღიან კარანტინში უნდა ვიყო, მე ახლაც კარანტინში ვარ, ვზივარ [სახლში] იზოლირებული, გზაში კი მომიწევს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა. 20 ადამიანიც რომ იყოს, ჩემთვის ეს საფრთხის შემცველია, რადგან არ ვიცი, ეს ადამიანები როგორ ცხოვრობდნენ, იყვნენ თუ არა აქამდე იზოლირებულები. ახლა უფრო უსაფრთხოდ ვარ, ვიდრე ხალხთან მგზავრობა და კარანტინში მათთან ერთად ცხოვრება იქნება“, - ამბობს ნინი დავლიანიძე.

როგორც მისთვის ცნობილია, ევაკუაცია აუცილებელი მოთხოვნა არ არის და ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელისუფლება განიხილავს. იმედი აქვს, რომ მის სურვილს გაითვალისწინებენ.

„კარანტინი 24 იანვარს გამოცხადდა, სახლიდან არ გავდივარ. უბრალოდ ერთხელ გავედი, დაემთხვა მათ ახალ წელს და ვიყავი შოკში, როცა დავინახე, რომ ყველაფერი დაკეტილია. თუმცა რამდენად იყო ეს კარანტინის ბრალი, ამაზე პასუხი არ მაქვს. ახლა, რამდენადაც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, მაღაზიებში დეფიციტი არ არის, გარეთ გადიან და ყიდულობენ პროდუქტებს. ქალაქი არის ძალიან მხნედ, ძირითადად ყველა ცდილობს სახლიდან არ გამოვიდეს, გუშინაც ვრცელდებოდა კადრები ფანჯრებიდან მათი გამამხნევებელი შეძახილების. პანიკა არ იგრძნობა, უბრალოდ ყველა ფრთხილობს“, - უყვება ნინი რადიო თავისუფლებას.

ნინი ახლა არ მუშაობს, თუმცა მიზეზი არა კარანტინი, არამედ დაწყებული არდადეგებია, რომელიც 3 თებერვალს მთავრდება. უბრალოდ, როგორც ამბობს, კარანტინის გამოცხადება და დასვენების დღეები ერთმანეთს დაემთხვა.

ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს უჰანში მცხოვრებ სხვა ოთხ ქართველთანაც, მისი ცნობით, ოთხივე თავს კარგად გრძნობს და ისინიც იზოლირებულები არიან.

ჯერ ნინისთვისაც უცნობია, რა მოხდება 3 თებერვლის შემდეგ, აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი და საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ახალი სახეობის კორონავირუსი პირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბერს ქალაქ უჰანში დაფიქსირდა და გასცდა კიდევაც ჩინეთის ფარგლებს. გარდაცვლილთა რიცხვი გასცდა ასს, ინფიცირებული კი ათასობით ადამიანია.

ამ დროისთვის პარლამენტში დახურული შეხვედრა იმართება, რომელზეც განიხილება სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გამოიყვანონ ქალაქ უჰანიდან საქართველოს მოქალაქეები.

შეხვედრას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ესწრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG